„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ახვლედიანი, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია ქართველმა მესაზღვრეებმა გარეჯის უდაბნოს მონასტერში არ შეუშვეს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ჯაბა სამუშიამ განუცხადა.
მისი თქმით „ქრისტიან-დემოკრატები“ დღეს გარეჯში ზოგიერთი ტაძრის მონახულებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გასაცნობად პირადად გაემგზავრნენ.
„ლავრის მონასტრიდან უდაბნოს მონასტრამდე გზას ფეხით გავუყევით, თუმცა, იქ ქართველი მესაზღვრეები დაგვხვდნენ და უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მოლოცვის საშუალება აღარ მოგვცეს“ - განაცხადა სამუშიამ.
სამუშიას თქმით, ქართველ მესაზღვრეებს მათთვის უდაბნოს ტერიტორიაზე არშეშვების მიზეზი არ განუმარტავთ. ასევე, ადგილზე არ შეხვედრიან აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს.
როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბრისას განმარტა, ჯანდარის ტბიდან მდინარე იორამდე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადაო ზოლის ერთ ნაწილში ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრები ყვება და სწორედ მათი მონახულება წარმოადგენს უკვე პრობლემას.
„ქრისტიან-დემოკრატების“ პოზიციაა, სანამ საზღვრის საბოლოო დემარკაცია არ მოხდება, ქართულმა ხელისუფლებამ კომენტარებისგან თავი შეიკავოს. ეჭვი არავის ეპარება, რომ ახლა სადაოდ ქცეული ტერიტორია საქართველოს ისტორიული ნაწილია“ - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ აღნიშნულ საკითხს განსახილველად პარლამენტში დააყენებენ.

















