პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრის „ერთობის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა აღნიშნა, პრობლემა სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად, 9 000 მოქალაქე დაზარალდა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ თითქოს და ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, მაგრამ რეალურად არაფერი გაუკეთებია. ასევე, დაზარალებულებმა დახმარება ვერც ამ ხელისუფლებისგან მიიღეს.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, კოალიცია მათ დაჰპირდა, რომ ხელისფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ საკითხს პირველი რიგის პრობლემებში განიხილავს.
„ჩვენ პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ დროს ვერ ვპირდებით ელემენტარული მიზეზის გამო - არ ვიცით რა ტიპის ბიუჯეტი დაგვხვდება“ - განაცხადა ივანშვილმა.
კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. მან ამის მაგალითად პრეზიდენტის სასახლის აშენება, პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანა და იუსტიციის სახლი მოიყვანა.
„ეს ყველაფერი კარგია, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არა ხალხის ხარჯზე“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ როდესაც ქვეყანაში უამრავი უსახლკაროა, ხელისუფლება ფულს ასეთ გრანდიოზულ პროექტებზე არ უნდა ხარჯავდეს.

















