"ქართული ოცნება" კონტროლის პალატის მოწოდების შესრულებას არ აპირებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადდა.
კონტროლის პალატამ დღეს "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა შპს "ქართუ მშენებელს" დაუბრუნოს.
მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ნუგზარ ხუციშვილმა შემოწირულობის სახით "ქართულ ოცნებას" 20000 ლარი შესწირა, რაც მისი კანონიერი უფლებაა. მისი თქმით, სახეზეა არა კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლა, არამედ კანონით ნებადართული ქმედების განხორციელება.
"შესაბამისად, კონტროლის პალატის მუქარანარევი მოწოდება უკანონოა და უკვე ფიზიკური პირებისთვის აკრძალვების დაწესებას წარმოადგენს " - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, უკვე ცხადია რომ კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ფინანსური რეპრესიების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.
"დაიწყეს იურიდიული პირებით, გააგრძელეს არასამთავრობო ორგანიზაციებით და ახლა ფიზიკურ პირებზეც გადავიდნენ. ისინი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილს შეუზღუდონ საზოგადოებრივ ფორმატში მოქმედების საშუალება" - განაცხადაზაქარია ქუცნაშვილმა.
"ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს მხრიდან 2012 წლის 6 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას ითხოვს. ადმინისტრაციულ საჩივარში "ქართულმა ოცნებამ" კონტროლის პალატისგან განმარტება მოითხოვა, თუ რის საფუძველზე გამოაცხადდა "ქართული ოცნება მონიტორინგის სუბიექტად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტირინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, საქართველოს კონტროლის პალატას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისთვის" ფიზიკური პირების მიერ შემოწირული თანხების გამჭვირვალობაში ეჭვი ეპარება.
"მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.

















