პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ თეთრიწყაროს პოლიციის უფროსისა და გენერალული ინსპექციის უფროსის საქმიანობის შესწავლის მოთხოვით
პროკურატურაში წერილი შეაქვს.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ოფისის დოკუმენტაცია წესრიგშია, იქ უკანონოდ არის შესახლებული დევნილი თამაზ ელიაური ოჯახთან ერთად.
ძიძიგურის მტკიცებით, ელიაურს ხელისუფლებამ სოფელ კოდაში საცხოვრებელი სახლი გამოუყო, თუმცა, როდესაც გაიგო, რომ აღნიშნულ ოფისს „ქართული ოცნება“ ქირაობდა, იქ შეასახლეს.
„როცა ოფისის გასახსნელად მივედით, არ შეგვიშვეს. ეზოში მხოლოდ რამდენიმე პირი შევიდა, რომლებიც, მათი მტკიცებით, ელიაურის ნათესავები იყვნენ. დავადგინეთ და აღმოჩნდა, რომ ისინი - სოსო ასკილაშვილი, ზურაბ რომელაშვილი, ჯანო ჯავახიშვილი და შოთა ბასიშვილი, ე.წ. ბასიშვილის ზონდერ ჯგუფის წევრები არიან“-განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, შექმნილი კონფლიქტური ვითარების თაობაზე დედოფლისწყაროს პოლიციაში შეტანილ გაცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.
„მათ არაფერი გააკეთეს და გამოგვიცხადეს, რომ თუ ვინმე დაიღუპებოდა მხოლოდ ამ შემთხვეაში ჩაერეოდნენ, სხვა შემთხვევაში კი, რეაგირებისთვის 10 დღე მოითხოვეს“-აღნიშნა ძიძიგურმა. მისი თქმით, ეს ვადა ორშაბათს იწურება.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, თეთრიწყაროს პოლიციის უფროსმა გოჩა გიგანმა სიტუაციის მოსაგვარებლად მათ ადგილზე პოლიციელი არ გააყოლა. მისი თქმით, გიგანი გენერალური ინსპექციის უფროსის დაქვემდებარებაშია და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება.
„ჩვენ შეგვაქვს წერილი პროკურატურაში და შსს-ს მოხელეთა ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ვითხოვთ“- განაცხადა ძიძიგურმა და თეთრიწყაროს რაიონის პოლიციას მოუწოდა - „ქართულ ოცნებას“ თავისუფალი საქმიანობის საშუალება მისცეს.

















