ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე დღეს, თბილისში მყოფ მაკედონიაში ეუთოს მისიის
წარმომადგენლებს და საარჩევნო სისტემების ოფიცრებს მაურო კალვე სანჩესსა და ზაგე ფილიპოვსკის შეხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიიდან აცნობეს, სტუმრები მონაცემთა დამუშავების ცენტრში ოპერატორების მიერ პროექტ „კარდაკარის“ შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიან ბაზაში ასახვის პროცესს დააკვირდებიან.
მათი ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კუთხით, სტუმრებისთვის პროექტ „კარდაკარის“ ორგანიზების გამოცდილების გაზიარებაა.
ვიზიტის ფარგლებში, მაკედონიელმა სტუმრებმა შეხვედრები, როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მელაძესთან, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიიის ხელმძღვანელობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს.
რეგისტრატორებთან ერთად მათ მონაწილეობა „კარდაკარის“ პროცესშიც მიიღეს.
ისინი მიღებულ რეკომენდაციებს, გამოცდილებასა და ხედვას მაკედონიაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაუზიარებენ.

















