პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე და ლევან კალანდაძე დღეს ონისა და ლანჩხუთის რაიონების სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, დავით გამყრელიძემ ონის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული სიღარიბის პირობებში, სახელმწიფოს ბევრად უფრო ეფექტური სოციალური დაცვის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა უნდა ჰქონდეს.
მისი თქმით, სოციალური დაცვის და ჯანდაცვის არსებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს.
„არის საავადმყოფოები, რომელიც მართლაც კარგია, მაგრამ იქ მკურნალობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუწვდომელია. ძალიან მცირეა სოციალური დახმარება და ისიც კი ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე“ - განაცხადა გამყრელიძემ.
„მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან კალანდაძის განცხადებით, გურიის სოფლებში ტოტალური უმუშევრობაა.
მისი თქმით, ვინც ადრე მიწაზე მუშაობით ინახავდა თავს, ისიც კი უკიდურესად გაჭირვებულია.
„პრეზიდენტი ალბათ ხუმრობდა, როცა განაცხადა სოფლად სამუშაო ადგილები იქმნება და ქალაქში სამუშაოს საძებნად წამოსულები უკან უნდა დაბრუნდნენო. გურიაში ტოტალური უმუშევრობაა და სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივაც არ ჩანს“ - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, გურიის მოსახლეობა ძირითადად თურქეთში მუშაობით ირჩენს თავს. ამის გამო, მათ სოციალურ დახმარებას უხსნიან.

















