საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ უნგრეთში გაემგზავრება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძე უნგრეთის პრეზიდენტს იანოშ ადერსს, ასევე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდება.
ამასთანავე, დაგეგმილია უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ტივადარ პუშკაშთან შეხვედრაც.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსა და უნგრეთს შორის 20 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაში მიიღებს მონაწილეობას.
უნგრეთში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა ლეჟავა და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გურამ ჩახვაძე გაემგზავრებიან.

















