„სახალხო კრება“ მის მფლობელობაში არსებული დაკარგული ქონების დაბრუნებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სახალხო კრების“ წევრმა ქეთევან ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სახალხო კრება“ დაკარგული ქონების მიკვლევას უკვე ერთი წელია ცდილობს.
„2011 წლის 26 მაისის აქციის იძულებით დაშლის შემდეგ, „სახალხო კრების“ მფლობელობაში არსებული სატვირთო ფურგონი და ფურგონის მისაბმელი თავისუფლების მოედანზე დარჩა. იქ მხოლოდ პოლიციელების ფორმაში ჩაცმული პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა მოახდინეს და ფაქტი, რომ ზემოთ ხსენებული მანქანები მათ მიერაა წაყვანილი, ეჭვს არ იწვევს“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, 26 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ავჭალის პოლიციის წინ მდებარე ავტოსადგომიდან ღამით „სახალხო კრების“ კუთვნილი ტრეილერი გაიტაცეს, რომელზეც სცენა და ხმის აპარატურა კომპლექტდებოდა.
„მაშინ, როდესაც ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში პრაქტიკულად ავტომანქანის გატაცების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა და ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - როგორ შეიძლება გამქრალიყო ავჭალის პოლიციის შენობის წინ მდგომი ფურგონი და რუსთაველის გამზირიდან 5 მეტრიანი ტრეილერი“ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისი განმარტებით, ავტომობილებში ძვირადღირებული ტექნიკა - გახმოვანების აპარატურა, 3 ახალი გენერატორი, ასევე, სამანიფესტაციო ატრიბუტიკა, დროშები, ბანერები და „მხილებათა მუზეუმის“ სრული კომპლექტაცია ინახებოდა.

















