თბილისის საკრებულოს საგანგებო სხდომაზე სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების საკითხი განიხილეს.
ცვლილებების თანახმად, პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“-ს მუხლიდან მერიის სარეზერვო ფონდში 3 მლნ ლარი გადაირიცხება, რომელიც 12 მაისს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება.
სხდომის დაწყებისას საკრებულოს წევრმა თინა ხიდაშელმა იმ დოკუმენტის წარდგენა მოითხოვა, რომელშიც აღნიშნული თანხის ხარჯვა დეტალურად იქნებოდა გაწერილი.
„შესაძლოა, დაზარალებულებისთვის აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის, ამიტომ აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტულად რამდენი ლარია საჭირო წვიმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად“ - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის ამ ინიციატივას სხდომაზე კამათი მოჰყვა.
საკრებულოს წევრმა ნიკო ხაჩირაშვილმა ხიდაშელს განუმარტა, რომ 12 მაისს მოსახლეობა არა წვიმამ, არამედ სტიქიამ დააზარალა.
მისი თქმით, ხიდაშელს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც ამბობს, რომ თბილისის მერის სარეზერვო ფონდი 10 მლნ ლარია, ვინაიდან სინამდვილეში ფონდი 2 მლნ ლარს შეადგენს.
ხაჩირაშვილმა თინა ხიდაშელს საკუთარი სიტყვების განმარტების საშუალება არ მისცა.
თინა ხიდაშელმა ასევე, განმარტა, რომ ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა, ამავე დროს, მომავალ სხდომაზე გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე გაწერილი დოკუმენტების წარდგენას მოითხოვს.
თბილისში 12 მაისს წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა. უსახლკაროდ კი, 11 ოჯახი დარჩა.

















