პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული მდივანი გიორგი ყრუაშვილი ხელისუფლებას დახურული 67-ე ბაგა ბაღისთვის შენობის გამოყოფას სთხოვს.
როგორც ყრუაშვილმა აღნიშნა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 67-ე ბაგა-ბაღი უკვე რამდენიმე დღეა აღარ ფუნქციონირებს.
მისი თქმით, პარტია „თავისუფალ საქართველოს“ რამდენიმე ბავშვის მშობელმა დახმარების თხოვნით მიმართა.
„სამწუხაროდ, საზოგადოება ხშირად გამხდარა ისეთი ფაქტის მომსწრე, როდესაც „ნაციონალურ“ ხელისუფლებას სპონტანურად, ერთ „ღამეში“ გადაუწყვეტია ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისების საკითხი. ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ მისი სრული აღრიცხვა სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს“ - აღნიშნა ყრუაშვილმა.
მისი თქმით, მიწისძვრის შემდეგ ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის დახურვასთან დაკავშირებით ბრძანება გასცა, რომ თითქოს შენობამ დაზიანება მიიღო, რასაც ბავშვების მშობლები კატეგორიულად უარყოფენ.
„ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარია, ის ფაქტი, რომ თუ შენობა ნამდვილად ამორტიზირებულია, რატომ არ გამოყო მერიამ შენობა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საბავშვო ბაღი გადასულიყო“ - აცხადებს გიორგი ყრუაშვილი.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შენობით ხელისუფლების კონკრეტული ჩინოვნიკები არიან დაინტერესებული.

















