პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პარტიის აპარატის უფროსი ლადო ბულბულაშვილი თბილისში მომხდარ სტიქიას სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას უკავშირებს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სტიქიამ ცხადყო, რომ დედაქალაქში სანიაღვრე სისტემა ფაქტიურად არ ფუნქციონირებს.
მისი თქმით, იგი შეცვალს საჭიროებს, რადგან შესაძლოა, სამომავლოდ უფრო მძიმე შედეგები და მსხვერპლი გამოიწვიოს.
„პარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია გადაიხედოს დედაქალაქის ბიუჯეტის განკარგვის არსებული პრიორიტეტები და ფასადების შეღებვის, უსარგებლო სკულპტურული ნაგებობების თუ სხვადასხვა საკონცერტო ღონისძიებების დაფინანსების სანაცვლოდ, თანხები ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს, როგორიც სანიაღვრე სისტემის გამართულობაა“- განაცხადა ბულბულაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქი“, რომლის თავმჯდომარე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავაა, ფრაქციის სხდომაზე ახსნა განმარტებებისთვის თბილისის სანიაღვრე სისტემებზე პასუხისმგებელი პირების დაბარებას გეგმავს.
მისივე განმარტებით, სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
12 მაისს თბილისში სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა ორთაჭალაში, გულიას მოედანთან ახლოს მდებარე სახლებში იმყოფებოდნენ. ძლიერმა წვიმამ მუხიანში მდებარე აგარკებიც დატბორა.

















