საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე მის მიერ გაკეთებული განცხადების არაზუსტ ციტირებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამასთან ერთად, ადგილი პოლიტიკურ სპეკულაციებსაც ჰქონდა.
როგორც სოციალურ ქსელის „ფეისბუქის“ ნინო კალანდაძის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
„სახელმწიფოთაშორისი სადელიმიტაციო კომისიების მიერ ამ დროისთვის საზღვრის 66%-ია შეთანხმებული. შეუთანხმებელ მონაკვეთთა შორის არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დაახლოებით 2%, მათ შორის, უდაბნოს მონასტრის სენაკები და მასთან მისასვლელი ბილიკები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ხსენებული 2% საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ადმინისტრაციული დაყოფით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონტროლქვეშ მოექცა“- განმარტავს კალანდაძე.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერში სასულიერო პირები მოღვაწეობენ, მას მომლოცველები და ტურისტები სტუმრობენ, აზერბაიჯანული მხარე ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას არ ზღუდავდა.
„დაახლოებით 10 დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე, მხოლოდ სასულიერო პირებსა და მესაზღვრეებს შეუშვებდნენ. ამჟამად, ჩვენი ძალისხმევა ყველა მსურველისთვის კვლავ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული“ - ნათქვამია კალანდაძის განცხადებაში.
მისი განმარტებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთლიანად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისადმი კუთვნილების საკითხი, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დამდგარა. ის ერთმნიშვნელოვნად ქართული კულტურის ძეგლია.
ნინი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ სამონასტრო კომპლექსის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ყველა მსურველის თავისუფლად გადაადგილების საკითხი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, ორ ქვეყანას შორის ტრადიციული კეთილმეზობლური და მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება.

















