ევროკავშირი საქართველოს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის რჩევას აძლევს. ეს რეკომენდაცია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის
განხორციელების 2011 წლის ანგარიშშია გაწერილი, რომლის პრეზენტაცია დღეს, „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მართლმსაჯულების სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიღწეული აშკარა წინსვლის მიუხედავად, აღნიშნულ სისტემაში ზოგიერთი პრობლემა კვლავ დაუძლეველია. უპირველეს ყოვლისა, ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას ეხება.
„ძირითადი პრობლემა ისაა, რომ პროკურორს ძლიერი პოზიცია აქვს, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობა აკლია“ - ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნულის დასტურად სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი - 98%-ია მოყვანილი.
ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლისა და მკაცრი სასჯელების შედეგად, საპროცესო შეთანხმებების შემთხვევები გაიზარდა. დოკუმენტის მიხედვით, საქმეების 87,5% საპროცესო შეთანხმებით მთავრდება.
დოკუმენტში საუბარი სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის გაუმჯობესებასა და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდის აუცილებლობაზეცაა. იგი სასაჯელაღსრულების სფეროში არსებულ მდგომარეობასაც ეხება.
„ჯერ კიდევ შეშფოთებას იწვევს დაკავებისა და წინასწარი პატიმრობისას ძალის გადამეტებული გამოყენება, საპყრობილის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და კანონის არათანაბრად გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვები“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

















