„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან
ირგვლივ შექმნილ დაძაბულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სასულიერო და ისტორიულ-კულტურული დანიშნულების ნაგებობები წლების განმავლობაში დისკუსიის საგანს წარმოადგენდა.
მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ ერთადერთ მეზობელთან, თურქეთთან აქვს მიღწეული საზღვარზე სადემარკაციო ზოლის შესახებ შეთანხმება, თუმცა, სხვა მეზობლებთან ეს პროცესი ჯერჯერობით კვლავ მოუგვარებელია, მათ შორის აზერბაიჯანთანაც.
„თემა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საბედნიეროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების საფუძველია“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოთა შორის შეთანხმების პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე დიპლომატიური ძალისხმევა და სასაზღვრო სტრუქტურების კომუნიკაციაა საჭირო, რათა სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემები არ შეექმნათ.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა. ამ განცხადებას ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი არ ეთანხმება.

















