საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული
საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის მუშაობა მიმდინარეობს.
გაბაშვილის თქმით, საბჭოთა ხელისუფლების მიერ გავლებული საზღვრის შესაბამისად, სამონასტრო კომპლექსის ლავრის მხარე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, ხოლო უდაბნოს ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს დარჩა.
გაბაშვილმა განმარტა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად ქართული კულტურის მემკვიდრეობის ძეგლია.
„საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის საზღვარი იმ ადგილას გადიოდა, რომელიც დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიას ორ ზონად ჰყოფდა. ერთი ნაწილი საქართველოს, ხოლო მეორე ნაწილი საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო. დღეს მუშაობა იმ მიზნით მიმდინარეობს, რომ საზღვრის დემარკაციის პროცესმა ამ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლას ხელი არ შეუშალოს და პრობლემა არ შეიქმნას“ – აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც პრობლემები იქმნება, ორი ქვეყნის სასაზღვრო და საგარეო უწყებები ერთმანეთს უკავშირდებიან და მას აგვარებენ.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა. ამ განცხადებას ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი არ ეთანხმება.

















