შვედეთის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლები საქართველოში არჩევნებისთვის მზადების საკითხებით დაინტერესდნენ.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „მოდერატების პარტიის“ წევრები პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებითა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დაჩქარების პროცესზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, შვედეთი, არის სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
"ვისაუბრეთ მომავალ აჩევნებზეც. საქართველოს ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს. ამ პროცესში მოვიწვიეთ ჩვენი შვედი კოლეგებიც" – განაცხადა მინაშვილმა.
პარლამენტში გამართულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოში კონსტანტინე ქავთარაძე ესწრებოდა.

















