ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური ტელეკომპანია „მაესტროს“ არა კონკურენტად, არამედ, პარტნიორად მიიჩნევს.
როგორც ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „მაესტრო“ მისთვის პარტნიორი კომპანიაა.
,,ჩემი ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელის პოსტზე მივიღებ, „მაესტროს“ გაძლიერებისკენ იქნება მიმართული და არა დასუსტებისკენ. მედიასაშუალებები, რომლებიც მედიის პროპაგანდისტული გარემოს დანგრევაში გვეხმარებიან კონკურენტები არ არიან“- განაცხადა ბექაურმა.
მან, ჟურნალისტ ეკა ბერიძის „მაესტროდან“ „მეცხრე არხზე“ გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და ბერიძე „მაესტროში“ რჩება.
ბექაურმა, ასევე, უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს, „მეცხრე არხის“ თანამშრომელთა შერჩევა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შენობაში ხდება და განმარტა, რომ თანამშრომელთა ქასტინგი „მეცხრე არხის“ შენობაში ხორციელდება.

















