საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქმედებას ჭირვეულობად აფასებს.
დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას გაბაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჭირვეულობას აქვს ადგილი, რათა კანონმდებლობით დადგენილი წესები არ გამოიყენონ.
გოკა გაბაშვილის თქმით, გამოსავალი მოძებნილია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება.
„აგერ არის ბურთი და მოედანი, ღია პოლიტიკურ პროცესში სარჩევნო კამპანიის წარმოება და მოსახლეობასთან შეხვედრა ყველას შეუძლია“ – აღნიშნა გაბაშვილმა.
კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებების ფორმულირების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.

















