ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ 10% შეისყიდა.
როგორც დღეს, პრესკონფერენციაზე „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა
კახა ბექაურმა განაცხადა, 10%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტს ხელი გუშინ მოეწერა.
,,კარგა ხანია შეთანხმებული ვართ, რომ „თრიალეთი“ „მეცხრე არხთან“ ითანამშრომლებს, რაც „მეცხრე არხის“ პროდუქციის გავრცელებას ითვალიწინებს. ვფიქრობთ იმაზე თუ რომელი გადაცემების ტრანსლირება მოხდება „თრიალეთის“ საშუალებით“ - განაცხადა ბექაურმა და განმარტა, რომ „მეცხრე არხი“ „თრიალეთის“ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა.
მისი თქმით, რეგიონულ ტელევიზიებს რეკლამით მიღებული ფინანსებით არსებობა უჭირთ, რაც მათ რეგიონული ამბების სათანადოდ გაშუქებაში უშლის ხელს.
,,ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ 40-მდე რეგიონულ ბიუროს აშენებს. ვთვლით, რომ საზოგადოებისთვის რეგიონული ამბები მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღეთ“ - აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.
მისი თქმით, 10-%0-იანი წილის სანაცვლოდ მიღებული თანხით, „თრიალეთს“ გაძლიერების და საკუთარი გადაცემების მომზადების საშუალება ექნება.

















