სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე ევროპაში "ქართული სახლების" დაარსების ინიციატივით გამოდის.
როგორც ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული სახლები" ევროპაში საქართველოს ინტეგრაციისთვის უზარმაზარ როლს შეასრულებს. მისივე თქმით, ქართული ემიგრაცია მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული სამშობლოში მიმდინარე პროცესებთან.
"ამიტომ, "ქართული სახლი" ევროპაში საქართველოს იდენტობის გამტარებელი, მისი კულტურის, ცივილიზაციისა და თანამედროვეობის პოპულარიზატორი იქნება. ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში კი, ინვესტიციების მოზიდვასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას შეუწყობს ხელს",-აღნიშნა კირთაძემ.
მისივე თქმით, "ქართული სახლების" დაარსების იდეა სამშობლოში ემიგრანტების დაბრუნების ხელშეწყობასა და სამუშაოდ გადახვეწილი თანამემამულეებისათვის ღირსეულ თანადგომას ემსახურება. "ქართული ემიგრაცია არ უნდა ვაქციოთ მხოლოდ სტატისტიკად და არჩევნების გაყალბებისათვის საჭირო რესურსად. უნდა ვიზრუნოთ სამშობლოსთან მათ ინტეგრაციაზე", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.
ნესტან კირთაძე პროექტს ევროპის ქვეყნებში ხვალიდან წარადგენს.

















