მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "ქართული
ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაში რუსეთის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი და რუსული დელეგაციის სხვა წარმომადგენლები, ქართული მხრიდან კი პროსახელისუფლებო ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, უცხოელი მეთვალყურეების თანდასწრებით გამართულმა შეხვედრამ საკმაოდ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. "ძალიან კარგია თუ რაღაც სახით რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე მუშაობა ხდება, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ამ ფორმატში ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებსაც მიეღოთ - არა მარტო პროსახელისუფლებო, არამედ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ქართულ საზოგადოებას გაეგო, თუ რისთვის ტარდება ასეთი შეხვედრები, რა მიზანი აქვს და როგორია შედეგი.

















