კონტროლის პალატა ფონდ „ქომაგის“ დაარსების შესახებ განცხადების შინაარსს და ფორმას პოლიტიკურს უწოდებს.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ისინი ყურადღებით გაეცნენ მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას ფონდ „ქომაგის“ დაარსებისა და მისი საქმიანობის მიზნების თაობაზე.
„კონტროლის პალატის აზრით, ეს განცხადება, რომლის სუბიექტები, შინაარსი და ფორმა პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული, პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას დაუფარავად უშვებს, რის გამოც შეშფოთებას იწვევს და პრევენციულ რეაგირებას მოითხოვს“ - აცხადებენ კონტროლის პალატაში.
მათი თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური მოვლენების შემდგომ განვითარებას ყურადღებით დააკვირდება და კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.
კონტროლის პალატა სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებს დაინტერესდნენ ამ განცხადებით.

















