"ლეიბორისტული პარტია" ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროპარლამენტსა და ევროკავშირს მოუწოდებს, საერთაშორისო
სამართლებრივი ზეწოლით აიძულონ მიხეილ სააკაშვილი შეცვალოს ანტიდემოკრატიული საარჩევნო ფონი.
"ლეიბორისტების" სპეციალური მიმართვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წაიკითხა. მისი თქმით, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციების მეთვალყურეობით, ხელშეწყობითა და დასტურით ხდებოდა ყველა წინა არჩევნების გაყალბება.
"წინა პერიოდში ყველა გაყალბება ხდებოდა სწორედ თქვენი მეთვალყურეების ხელშეწყობითა და დასტურით. თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, შეგიძლიათ მომავალ არჩევნებზე მეთვალყურეებიც არ მოავლინოთ, მათ გარეშეც კარგად იქნება შედეგები ფალსიფიცირებული",-აღნიშნულია "ლეიბორისტების" მიმართვაში.
"ლეიბორისტული პარტია" ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ამ მიმართულებით საყოველთაო სახალხო წინააღმდეგობა გააგრძელოს.

















