„სახალხო კრების“ სათაო ოფისში დღეს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო კრებიდან“ აცნობეს, საბჭოს
წევრებმა 12 მაისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და ასობით უსახლკაროდ დარჩა, ღრმა მწუხარება გამოხატეს.
მათი ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის ინფრასტუქტურული აღმშენებლობის შესახებ ხელისუფლების პროპაგანდა, ქვეყანაში მხოლოდ ვირტუალური კეთილდღეობის შექმნაზეა ორიენტირებული და სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„დედაქალაქში სანიაღვრე სისტემა მთლიანად მოშლილია. ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს სტიქიის პრევენცია. მათ დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმს სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან“ - აცხადებენ „სახალხო კრების“ წევრები.
აღმასრულებელმა საბჭომ დღესვე, 21-26 მაისსთან დაკავშირებული „სახალხო კრების“ ღონისძიებების გეგმა განიხილა.
გადაწყდა, რომ „სახალხო კრების“ საზოგადოებასთან შეხვედრა 21 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება, ხოლო 23 მაისს აღმასრულებელი საბჭოსა და დარბაზის წევრები შეხვედრას ბათუმში გამართავენ.
„26 მაისს „სახალხო კრების“ მხარდამჭერები, 2011 წლის 26 მაისის მონაწილეები და ყველა ის ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს ხელისუფლების მიერ სადამსჯელო სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილებს, დაზარალებულებსა და პოლიტპატიმრებს პატივი მიაგოს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბებიან“ - აღნიშნეს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.
მათივე ცნობით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით „სახალხო კრება“ გარდაცვლილებისთვის პანაშვიდს, ხოლო დაზარალებულთა და დაპატიმრებულებისთვის პარაკლისს გადაიხდის.

















