პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე 12 მაისს გამართულ
დევნილთა შეკრებას შედეგიანს უწოდებს.
როგორც გიორგაძემ დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აქციამ პარტიის წევრებისა და საზოგადოების მოლოდინი გაამართლა.
„თორმეტმა მაისმა თავისი შედეგი უკვე მოიტანა, რადგან აფხაზები და ოსები მათ მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ხედავენ“ - განმარტა მან.
მისი თქმით, აქციის წინაპირობა აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებები იყო.
„ამ აქციის ჩატარება სწორედ მათი მხრიდან წამოსულმა წინადადებებმა განაპირობა. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, ორივე მხარემ ვაღიაროთ დანაშაული და ამის შემდგომ შეიძლება ურთიერთობის დაწყება“ - აღნიშნა გიორგაძემ.
მისივე თქმით, „განახლებული საქართველოს“ წევრებს 12 მაისის აქციაზე აფხაზეთიდან და ოსეთიდან ხალხის გადმოსვლის სურვილი ჰქონდათ.
„ჩვენ ხელისუფლებას გარანტიები ვთხოვეთ, რაც ვერ მივიღეთ, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო, მათ ჩვენ თვითონვე ვუთხარით გადმოსვლაზე უარი“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ.
მისივე განმარტებით, პარტიის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ აფხაზეთში სახელისუფლო წრეებთან და პარლამენტის რამდენიმე წევრთან მოლაპარაკებები გამართა.
გიორგაძის თქმით, ასევე, მოლაპარაკება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან და რუსეთში იმ პოლიტიკურ ძალებთან შედგა, რომლებსაც ამ კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანა შეუძლია.
„განახლებული საქართველოსთვის“ ორგანიზებით, დევნილთა შეკრება 12 მაისს თბილისსა და რუხში გაიმართა.

















