პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ჩავიდა და მოსახლეობას
აღდგენით სამუშაოებში სახელმწიფოს მხრიდან დახმარება აღუთქვა.
ბაქრაძის თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, საგზაო, სამაშველო და წყალმომარაგების სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს სწავლობს.
„მას შემდეგ რაც მთლიანი სურათი გვექნება, ვიმსჯელებთ რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს. ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას, აღვადგენთ ინფრასტრუქტურას. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი მართლაც დიდია, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ზარალი მთლიანად ანაზღაურდეს“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

















