ქართული მხარე ძალის არ გამოყენების შესახებ დოკუმენტის შესამუშავებლად რუსეთის მხრიდან წინადადებას ელის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდაძის განმარტებით, ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებაზე რუსეთთან მოლაპარაკება დიდი ხანია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევით მიმდინარეობს.
„მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება თავის თავზე ოფიციალურად აიღო, შესაბამისი ნაბიჯები რუსეთის მხრიდანაც უნდა გადაიდგას და ეს საკითხი დოკუმენტის სახით უნდა გაფორმდეს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ რა წინადადებებს შემოგვთავაზებს რუსეთი. ამ საკითხზე შემდგომ პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელებთ“ - განაცხადა მან.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი შესთავაზა. მისივე თქმით, ამ საკითხზე თავის წინადადებები ქართულმა მხარემაც შეიმუშავა. ტურუნენმა ერთობლივი დოკუმენტის შემუშავების იმედი გამოთქვა.

















