თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით საგანელიძე ორთაჭალაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას კრწანისში მდებარე ხელოვნურ ტბას უკავშირებს.
როგორც საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგანელიძემ აღნიშნა, ძლიერი წვიმის შედეგად, ტბიდან წყალი გადმოვიდა, რამაც სხვადასხვა ნარჩენით წყლის გასასვლელის ჩახერგვა გამოიწვია.
„ჯებირი რომ გადმონგრეულიყო ვიტყოდი, რომ სტიქიაა და ვერავინ გათვალა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ტბა თავის ნიშნულს ასცდა, წყალი გადმოვიდა და სხვადასხვა მასალა ჩამოიტანა. ამან წყლის სავალი ჩახერგა და ეს მასა ორთაჭალას მოაწყდა“ - აღნიშნა საგანელიძემ.
მისი თქმით, მსგავსი მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია და ამისთვის ქალაქში არსებული კრიტიკული წერტილების შესწავლაა საჭირო.
„მოვითხოვ, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიას იმ უბნების და ე.წ კრიტიკული წერტილების ნუსხის გაკეთება დაევალოს, სადაც ასეთი მოვლენების განმეორების საშიშროება არსებობს“ - განაცხადა საგანელიძემ.
მისი თქმით, დედაქალაქში კრიტიკული წერტილების შესასწავლად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, თანხა პრეზიდენტის ფონდიდან უნდა გამოიყოს, ხოლო რეგიონებისთვის - ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან.
„პრეზიდენტის ფონდში უზარმაზარი სახსრებია, რომელსაც ის გაუმჭვირვალედ განკარგავს. ამიტომ, მოვითხოვ, ამ თანხის გონივრულად გამოყენებას. ასევე, მოვითხოვ, პარლამენტის შენობის ნაჩქარევი მშენებლობის შეწყვეტას და სახსრების რეგიონებისკენ მიმართვას“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
საგანელიძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხის დასმას გეგმავს, რომელზეც სტიქიის შედეგებსა და მიზეზებზე გაიმართება მსჯელობა.

















