კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების გასაწევად მინდია გულუას რჩევებს არ საჭიროებს. ეს განმარტება დღეს პრესკონფერენციაზე კოალიციის
პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საერთაშორისო მდივნის მინდია გულუას მოწოდების საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა ყველასთვის ცნობილია და აქედან გამომდინარე, ის თავად განსაზღრავს ვის, რა სახით და როგორ დაეხმაროს.
რამდენიმე დღის წინ მინდია გულუამ ივანიშვილს მოუწოდა გულისხმიერება გამოიჩინოს და პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდში თანხა შეიტანოს.
ფანჯიკიძე კობა დავითაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა პარტია განახლებული საქართველოსთვის საერთაშორისო მრჩეველი ხელისუფლებასთან კავშირში დაადანაშაულა.
„ალბათ, კობა დავითაშვილს აქვს ამ განცხადების გაკეთების საფუძველი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მე, რა თქმა უნდა, არ გამაჩნია, მაგრამ რაღაც-რაღაცეები ყოველთვის აღძრავს გარკვეულ ეჭვს და მათი გამოთქმის უფლება ყველას აქვს“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

















