პრეზიდენტი სლოვენიაში ახალგაზრდა ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო.
პრეზიდენტი ახალგაზარდა ფეხბურთელებს ვეტერან „დინამოელებთან“ ერთად გულშემატკივრობდა.
ჰოლანდიასთან დამარცხებით საქართველოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
როგორც თამაშის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, ჩემპიონატზე საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა. მიუხედავად ჰოლანდიასთან წაგებისა, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.
„ეს უკვე საერთოდ სხვა ქართული ფეხბურთია, სხვა ენერგია და მოტივაცია“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჰოლანდიელებთან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მარცხი, მომავალი გამარჯვებების საწინდარი გახდება, რადგან ახალგაზრდობის მენტალიტეტი შეიცვალა, ის დამარცხებულის კომპლექსისგან გათავისუფლდა.
პრეზიდენტმა 1981 წლის 13 მაისის გამარჯვება გაიხსენა, როდესაც თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მაშინ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი - ქართველმა ოსმა ვოვა გუცაევმა და ქართველმა აფხაზმა ვიტალი დარასელიამ.
„ჩემთვის ეს არის უახლესი წარსულის ყველაზე ნათელი მაგალითი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი, ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენი ძალა ერთობაშია და გამარჯვებას ყოველთვის ერთობა მოგვიტანს“-განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

















