საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული ბიზნესდაჯილდოების „მერკური-2012“ ცერემონიას დაესწრო.
პრეზიდენტმა ბიზნესმენებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ ამ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოში აღმშენებლობა მიმდინარეობს. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე, ყურადღება სახელმწიფოსა და ბიზნესის წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა.
სააკაშვილმა ის პროექტები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოში ამჟამად ხორციელდება.
მისი თქმით, აღმშენებლობის შეფასებაც სწორედ იმ განხორციელებული პროექტების მიხედვით შეიძლება, რაც არის კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა, ახალი სარტანსპორტო კვანძები და მაგისტრალები, საკურორტო ზონები და ახალი ქალაქები, ახალი პარლამენტი და ა.შ. მან ყურადღება ასევე საქართველოში დაწყებულ სამხედრო წარმოებაზეც გაამახვილა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური პროექტების გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში თანაბარი შესაძლებლობების მქონე საზოგადოება იქმნება და ყველაფერი თანასწორობის პრინციპზეა აგებული. ამის მაგალითად მან პარლამენტში ახლადმიღებული კანონი დაასახელა, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო უწყებებში ნებისმიერ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ კონკურსის წესით დაინიშნებიან.
სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა დასაქმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. მისი თქმით, 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით უმუშევრობა 10%-ით შემცირდება.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ნომინაციაში - „წლის ბიზნესი“, გამარჯვებულს ჯილდო პირადად გადასცა.
„მერკური 2012“ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ერთობლივი პროექტია.
ის საქართველოში მეორედ ჩატარდა. ეროვნულ ბიზნესდაჯილდოებაზე გამარჯვებული 18 ნომინაციაში გამოვლინდა. წელს ბიზნესფორუმს საგამოფენო ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“ მასპინძლობდა.

















