პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრების მოწყობას გეგმავს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, პარტიის წევრები თბილისში პარლამენტთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ხობსა და ბათუმი 15:00 საათზე, მშვიდობიან აქციაზე რამდენიმე ათას დევნილს ელიან.
„გვსურს დღევანდელი დღე ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგების დღედ გამოვაცხადოთ“ - განუცხადეს „ნიუსპრესს“ პარტიაში.
მათივე ცნობით, დღეს თვითმმართველობის მსგავსი ორგანოს - დევნილთა საკოორდინაციო საჭოს შექმნის შესახებ გამოცხადდება. საბჭო აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს.
დღესვე, დევნილთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდება. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტიის პოლიტიკური მრჩეველი, ბიზნესმენი მინდია გულუა იქნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ შემოწირულობას, რამდენიმე მილიონი ლარის სახით, სწორედ, გულუა გააკეთებს. ფონდის მთავარი ოფისი კი, შვეიცარიაში განთავსდება და ის დევნილების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

















