პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თავის ნორვეგიელ კოლეგას იენს სტოლტენბერგს ოსლოში შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი იყო.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნორვეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და ამ საკითხს ჩიკაგოს სამიტზეც დააყენებს.
„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან ის ავღანეთში სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობს. ჩვენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ. ამ საკითხს ჩიკაგოს სამიტზეც დავაყენებთ“ - განაცხადა მან.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც შეეხო. ნიკა გილაურის თქმით, ერთ-ერთი ნორვეგიული კომპანია საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციას განახორციელებს.
„სამი ჰესის კასკადის მშენებლობა იგეგმება, რომლის განსახორციელებლადაც ჯამში 600 მილიონი ევრო ჩაიდება“ - განაცხადა მან.
სტოლტენბერგის განცხადებით კი, საქართველომ ბევრი რეფორმა განახორციელა, რის შედეგადაც კორუფცია აღმოიფხვრა.
მისი თქმით, ის ნორვეგიული კომპანიების საქართველოთი დაინტერესებას ხელს შეუწყობს.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ნორვეგიაში იმყოფება. ოსლოში ვიზიტის ფარგლებში, ის ნორვეგიის პრინცს, სამეფო ტახტის მემკვიდრე ჰააკონ მაგნუსს შეხვდა. გილაური ნორვეგიაში ენერგოკონფერენციასაც დაესწრო.

















