ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში, დედაქალაქიდან 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის ინფორმაციაა შესული.
ამის შესახებ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კომისიაში დასავლეთ საქართველოდან დაახლოებით 200 000 ამომრჩევლის ინფორმაცია შევა, ასევე, გრძელდება თბილისის ოლქებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება.
კაციტაძის განცხადებით, კომისიაში მომავალი კვირიდან კახეთიდან, ქვემო და შიდა ქართლიდან, მცხეთა მთიანეთიდან დამატებითი ინფორმაცია შევა.
„ვვარაუდობ, რომ დაახლოებით ათ დღეში ნახევარი მილიონი ინფორმაცია გვექნება მიღებული, რის შემდეგადაც, გარკვეულ ტენდენციებზე შეგვიძლია საუბარი“ - აღნიშნა კაციტაძემ.
მისივე თქმით, პირველი 100 000 ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოქმედ სიაში 300-ზე მეტი გარდაცვლილი და 4 000-ზე მეტი საზღვარგარეთ გასული მოქალაქე აღმოჩნდა.
„სიების გადამოწმების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. პირველ ეტაპზე პრობლემა რეგისტრატორების სახლში შეშვებასთან დაკავშირებით იყო, თუმცა, აქტიური სარეკლამო კამპანიის შედეგად მსგავსი პრობლემები აღარ არსებობს“- განაცხადა კაციტაძემ.
მისივე განმარტებით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 1 აგვისტოსთვის კი, გადამოწმებული, დაზუსტებული და ერთიანი სია იქნება წარმოდგენილი.

















