საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი ბოლო მოლაპარაკებებისთვის, ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანო - ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა. ამის შესახებ ცნობილი ნატოს შტაბ-ბინაში გიორგი ბარამიძისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ კნუდ ბარტელსის შეხვედრის შემდეგ გახდა.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამიძე ახალი საფრთხეების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაბორ იკლოდს, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე კოლინდა გრაბარს, გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
შეხვედრები სახვადასხვა ფორმატში გაიმართა ნატო–ში აშშ–ს, საფრანგეთის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, კანადის, ლატვიის, ბულგარეთისა და თურქეთის მუდმივ წარმომადგენლებთან, სადაც ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელ ბოლო სტადიაზე განიხილეს, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველო სამიტის შეხვედრების ფორმატებსა და დასკვნითი დოკუმენტების შინაარსის თვალსაზრისით.
შეხვედრების შემდეგ, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ ეს კონსულტაციები საქართველოსთვის სასურველი მიმართულებით ვითარდება და ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.

















