პოლიტიკური პარტია ,,სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ წარმომადგენლები დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს
ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას საფლავზე შეიკრიბებიან.
როგორც დღეს პარტიის თავმჯდომარემ კახა სეთურიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა სიმბოლურია, რომ მერაბ კოსტავა სწორედ 26 მაისს დაიბადა და თავისი ცხოვრება საქართველოს თავისუფლებას მიუძღვნა.
მისი თქმით, 26 მაისს, მამა დავითის ეკლესიაში ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.
,,რამდენიმე დღეში ქვეყანა, დამოკიდებლობის დღეს აღნიშნავს. „ნაციონალური მოძრაობა“ 26 მაისს ქუთაისში, ნახევრადაშენებულ პარლამენტის შენობაში იზეიმებს, რაც სიმბოლურია, რადგან სწორედ ნახევრადაშენებულ, ნახევრადთავისუფალ, ფსევდოდემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხელისუფლებამ 23 ნოემბერი, 6 მაისი, 26 მაისი - რელიგიური და ეროვნული დღესასწაულები ჩვენთვის ძალადობის, ტერორის მოგონებად აქცია“ - განაცხადა სეთურიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში უსახსროდ დარჩენილი ადამიანი არ შეიძლება თავისუფალი იყოს. სეთურიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მომავალ დღეს, თავისუფალი და ღირსეული ერის ზეიმი გაიმართება.

















