თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ,,განახლებული საქართველოსთვის“ წევრების სარჩელები არ დააკმაყოფილა.
კოლეგიამ მოსამართლე გვრიტიშვილის თავმჯდომარეობით „განახლებული საქართველოსთვის“ წევრების - ლევან გვარმიანის, გიორგი ოძელის, ბესიკ მამულაშვილის, ომარ ჯოლიას, მარლენ ხუცურაულის და ლაშა გვასალიას სარჩელი განიხილა.
აღნიშნული სარჩელით პარტიის წევრები საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის 2012 წლის 27 აპრილის დადგენილების გაუქმებას მოითხოვდნენ.
„განახლებული საქართველოსთვის“ წევრებმა თებერვალ-აპრილის პერიოდში პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საბანკო ანგარიშზე ფულადი შემოწირულობები განახორციელეს.
„შემოწირულებები განხორციელებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ, შემოწირული თანხის ოდენობა არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა კანონით დადგენილის ზღვრულ ოდენობას. მეტიც, შეადგენდა ამ ზღვრის მცირე ნაწილს. ამასთან, თანხები გადარიცხული იყო სრულიად გამჭირვალედ, შემომწირველის საბანკო ანგარიშიდან პარტიის საბანკო ანგარიშზე“- აცხადებენ პარტიაში.
როგორც „ნიუსპრესს“ განახლებული საქართველოდან“ აცნობეს, საქმე განხილულ იქნა არსებითად, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, რითაც კანონი უხეშად დაირღვა.
„სასამართლომ გამოიტანა იგივე უსამართლო გადაწყვეტილება, რაც კონტროლის პალატის პარტიების მონიტორინგის სამსახურმა. აღნიშნული უკანონობა აშკარად პოლიტიკური დევნის ხასიათს ატარებს და არაფერი აქვს საერთო სამართალთან“- აცხადებენ პარტიაში.
„განახლებული საქართველოსთვის“ რამდენიმე წევრის დაჯარიმების თაობაზე კონტროლის პალატის პარტიების მონიტორინგის სამსახურმა დადგენილება 2012 წლის 27 აპრილს გამოიტანა. პარტიის წევრებმა ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ სარჩელი სასამართლოში 7 მაისს შეიტანეს.

















