“საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციამ" თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ყრილობა გამართა, რომელიც აზერბაიჯანელების ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ეროვნების სტუდენტ-ახალგაზრდობის ქვეყნის განვითარებაში ჩართულობაზე ისაუბრა.
"სახელმწიფოს ძლიერებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, თავს გრძნობდეს ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ და პატრიოტად. 350-ზე მეტი აზერბაიჯანელი ეროვნების ახალგაზრდა უკვე სწავლობს ქართულ სექტორზე და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეს ახალგაზრდები საქართველოს ისეთივე პატრიოტები იქნებიან, როგორც ყველა ჩვენგანი. ამაშია ჩვენი ქვეყნის ძლიერება და სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის გერბის მთავარი ლოგო - "ძალა ერთობაშია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

















