საქართველოს საგარეო უწყება სოჭში დაგეგმილ ტერაქტებში რუსეთის მხრიდან საქართველოს ირიბად დადანაშაულებას აბსურდულს უწოდებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ქართული სამართალდამცავების დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„ეს არის იმ ტრადიციული პროპაგანდის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში ახორციელებს, იგი ცდილობს, საქართველოს ბრალი დასდოს ე.წ. ტერორისტებთან კავშირში, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობს დამადასტურებელი მასალის ან საბუთების წარმოდგენაზე“ - აღნიშნა კაპანაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოს მხრიდან გამუდმებით განიხილება, თუმცა, რუსეთის მიერ მსგავსი ბრალდებები დასაბუთებული არასდროს ყოფილა.
„მათი განცხადებები განსაკუთრებით აღმაშფოთებელია იმ ფონზე, როცა რეალურად ტერაქტებს რუსეთის სპეცსამსახურები ჩადიან. ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში 15-ზე მეტი ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა“-აღნიშნა მან
მისივე განცხადებით, ქართული მხარე რუსეთს რეგულარულად აწვდის ინფორმაციას ტერაქტების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე, მათ აღნიშნულ საკითხში საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუთქვამს.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“ მეთაური დოკუ უმაროვი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ სპეცსამსახურებთან. ეროვნულმა კომიტეტმა ოლიმპიურ ქალაქ სოჭში ტერაქტების განხორციელების თაობაზე ბოევიკების გეგმის აღკვეთისა და დიდი ოდენობით იარაღის, მათ შორის, საზენიტო სარეკეტო კომპლექსების ამოღების შესახებ განაცხადა. განცხადების თანახმად, აღნიშნული გეგმის განხორციელებას და შესაბამის სამუშაოებს კოორდინაციას უმაროვი უწევდა. სპეცსამსახურებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 4-5 მაისს, აფხაზეთში იარაღის, ასაფეთქებელი საშუალებების, საბძოლო მარაგისა და ტერაქტისთვის საჭირო სხვა მასალის ათი სამალავი აღმოაჩინეს.

















