„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ჟურნალისტებისგან მეტ გამბედაობას ელის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „სახალხო კრების“ შეხვედრაზე განუცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტებმა უნდა გააანალიზონ რამხელა ძალა აქვს მათ თითოეულ სიტყვას.
„დღევანდელ საქართველოში პოლიტიკოსები და საზოგადოებაც ჟურნალისტებისგან ბევრად უფრო მეტ გამბედაობას ველით. უფრო კარგად უნდა გააანალიზოთ რამხელა ძალა აქვს თქვენ სიტყვას. თუ გადალახავთ იმ ბარიერს, რასაც ის უწყებები, უფროსები და კომპანიები გიქმნიან სადაც მუშაობთ, ყველასთვის კარგი იქნება“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
კითხვაზე - სმენია თუ არა კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას მხრიდან ზუგდიდში „პირველი არხის“ ჟურნალისტზე „თავდასხმის“ შესახებ, მან უპასუხა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.
ამასთან, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი არ უნდა შეეშალოთ.
„არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ჩვენი - პოლიტიკოსების გადასახედიდან ჟურნალისტები ობიექტურები არ არიან, თუმცა, ჩვენი მოვალეობაა თავი შევიკავოთ, რადგან პოლიტიკოსებს გვევალება მოთმენა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსი ყოველთვის არასწორი გამოჩნდება და ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისთვის პასუხს აგებს“- განაცხადა ბურჯანაძემ.

















