„სახალხო კრება“ საზოგადოებისადმი მიმართვის ტექსტზე მუშაობს, რომლიც 21 მაისს გახდება ცნობილი.
სახალხო კრების წევრი „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიმართვა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ნაწილსაც გადაეგზავნება.
ბურჯანაძე „ვერე პალასში“ „სახალხო კრების“ დახურულ შეხვედრას ესწრება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განმარტებით, 21 მაისს „სახალხო კრების“ დარბაზის და აღმასრულებელი საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს მიიწვევენ.
„21 მაისს საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენებთ იმ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც უზარმაზარი წნეხისა და ტერორის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდა, 26 მაისს კი, ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა“- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, 26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირები პანაშვიდს და პარაკლისს გადაიხდიან.
„გასული წლის 26 მაისის აქციების დროს დაღუპულ პირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდს გადავიხდით, ხოლო ციხეში მყოფი პატიმრების სულიერი სიმხნევისთვის პარაკლისი აღევლინება“-განაცხადა ბურჯანაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ სახალხო კრება მოხარული იქნება თუ სამებაში 26 მაისს სოლიდარობის ნიშნად ბევრი მოქალაქე მივა.

















