„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოში ნავთობზე ფასების ზრდას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიზნესს უკავშირებს.
როგორც პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ნავთობზე ფასი ხელოვნურადაა გაზრდილი.
„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ყოველთვიურად იკლებს, საქართველოში კი საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს – ფასები იზრდება. ეს პროცესი გამოწვეულია იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული დომინანტი ნავთობ-კომპანიები სააკაშვილის საოჯახო საკუთრებას წარმოადგენს“-განაცხადა შატბერაშვილმა.
ლეიბორისტები ევროკავშირის ქვეყნებს საწვავის სპეციალური სააგენტოს შექმნის თხოვნით მიმართავენ. როგორც შატბერაშვილი აცხადებს, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა სახელმწიფოს პრეროგატივად უნდა გამოცხადდეს, ხოლო ბენზინზე ფასი საქართველოს პარლამენტმა დაადგინოს.
ლეიბორისტების იდეოლოგიურ მდივანს მიაჩნია, რომ ეს საქართველოში ნავთობის ფასის ავტომატურ განახევრებას გამოიწვევს.

















