„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ქვეყანაში დიასახლისის სოციალური სტატუსის შემოღების ინიციატივაზე განმარტებას აკეთებს.
ამ თემასთან დაკავშირებით ედპ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ და პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა შინდაგორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ინიციატივის ავტორების განმარტებით, დიასახლისის სოციალური სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ქალაბატონები, რომლებიც მთელ თავიანთ დროს ოჯახურ საქმეებსა და შვილების აღზრდას უთმობენ, სოციალურად დაცული იქნებიან.
გურამ ჩახვაძის განცხადებით, დიასახლისის სოციალურ სტატუსს მიიღებენ ქალები, რომელთაც ჰყავთ ოჯახი, ერთი ან მეტი შვილი და არ არიან დასაქმებული.
მისივე თქმით, დიასახლისის სოციალური სტატუსის მქონე ქალები საჯარო მოხელეებს გაუთანაბრდებიან და ყოველთვიურად მიიღებენ ხელფასს, რომლის ოდენობა შვილების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
ასეთი სტატუსის მქონე პირები უფასო სამედიცინო დაზღვევით ისარგებლებენ და საპენსიო ასაკის დადგომასთან ერთად არა მინიმალურ, არამედ შრომით პენსიას მიიღებენ.
„აღნიშნული ინიციატივის რეალიზებით ოჯახების მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებასაც შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისვე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ედპ-ს პროგრამის „დასაქმებული საქართველოს“ ნაწილია. პროგრამის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი დასაქმების შესახებ, რომლის ფარგლებში დასაქმების ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდება.
დიასახლისის სოციალურ სტატუსს ქალბატონები სწორედ ამ სააგენტოში დარეგისტირების შემდეგ მიიღებენ.

















