საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ბარამიძე ბრიუსელში მოახლოებული ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი ბოლო მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა.
ვიცე-პრემიერი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუტ ბარტელთან, ახალი საფრთხეების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაბორ იკლოდთან, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე კოლინდა გრაბართან შეხვედრებს გამართავს.
სხვადასხვა ფორმატში შეხვედრები ასევე, ნატო–ში აშშ–ს, საფრანგეთის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, კანადის, ლატვიის, ბულგარეთისა და თურქეთის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შედგება. შეხვედრებზე სამიტზე მისაღებ დოკუმენტებში საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

















