ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში საარჩევნო პროცესს დააკვირდება.
როგორც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებთნ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, შვედეთის პარლამენტის წევრმა აბირ ალ-საჰლანმა განაცხადა, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მნიშვნელოვანია არა მარტო არჩევნების დღე, არამედ მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდის სწორად წარმართვა.
„ლიბერალ-ინტერნაციონალები პროცესების ობიექტურ მონიტორინგს განვახორციელებთ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი თვალი და ყური საქართველოსკენ იქნება მიმართული“- განაცხადა მან.
აბირ ალ-საჰლანის თქმით, იმისთვის, რომ საქართველო სრულად დემოკრატიული ქვეყანა და ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევნების თვისუფალ გარემოში ჩატარებას.
მისივე თქმით, „Freedom house”-ის რეიტინგში საქართველო სიტყვის თავისუფლების მხრივ იმ ადგილზე არ არის, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეეფერებათ. ამიტომ, ამ მხრივ, სტუმრის განცხადებით, სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების და ლიბერალური ინტერნაციონალის 17 კაციანი დელეგაციის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

















