„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისთვის გადასახდელი თანხის სიმცირეს აპროტესტებს.
ამის შესახებ მან დღეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის ახალი რეგლამენტი განიხილებოდა.
პარლამენტის რეგლამენტის დღემდე მოქმედი რედაქციით, დეპუტატის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს 10 წლის ხელფასის ოდენობა უნდა მიეღო. ახალ პროექტში კი ნათქვამია, რომ თუ პარლამენტის წევრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო გარდაიცვლება, მათ შორის თავდასხმის გამო, ოჯახის წევრი 15 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.
"ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ეს საკითხი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ გაუგებარია რა გახდა კომპენსაციის თითქმის 10-ჯერ შემცირების მიზეზი.
"ბევრი პარლამენტარი დახოცეს და ბიუჯეტს გაუჭირდა?" - მიმართა ჯონდი ბაღათურიამ კომიტეტის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ 15 000 ლარი პროექტში მხოლოდ იმიტომ ჩაიწერა, რომ ამით შესაბამისობაში მოვიდა სიცოცხლის ხელყოფისას კომპენსაციის საკითხი სხვა შემთხვევებთან.
სხდომაზე პავლე კუბლაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ ჯონდი ბაღათურიას განუმარტეს, რომ ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი და მასზე მსჯელობა რეგლამენტის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროსაც გაგრძელდება.

















