კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიბერალური ინტერნაციონალის 17 კაციანი დელეგაციის წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.
შეხვედრა კოალიციის სათაო ოფისში მიმდინარეობს. დელეგაცია საქართველოში „ქართული ოცნების“ მოწვევით იმყოფება. მასში შედიან პარლამენტარები და პოლიტიკოსები ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და მაკედონიიდან.
კოალიციაში აცხადებენ, რომ 2012 წლის 30 მარტს ლებერალურმა ინტერნაციონალმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილების დროს საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მოთხოვნები არ გაითვალისწინა. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზეც სწორედ ეს საკითხი განიხილება.
შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მაკედონიიდან ლიბერალური ინტერნაციონალის გენმდივანი ემილ კირიასი გაუძღვება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პრესკონფერენციას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
ლიბერალური ინტერნაციონალი მსოფლიოში მოქმედი ლიბერალური პარტიების გაერთიანებებაა. კავშირი 1947 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი მსოფლიოში ლიბერალური ფასეულობების გავრცელება და ლიბერალური პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა.
საქართველოს „რესპუბლიკური პარტია“ ლიბერალური ინტერნაციონალის ასოცირებული წევრი 2006 წლიდანაა.

















