საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობა აღარ არსებობს და ის გარდაიცვალა.
"მე არ ვაღიარებ ასეთ სტრუქტურას, რომელსაც უმცირესობა ჰქვია. ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, რომან მარსაგიშვილის წამოსვლის შემდეგ უმცირესობა გარდაიცვალა და გვირგვინიც ბატონმა მარსაგიშვილმა დაადო თავის ხელით" - აღნიშნა "ნიუსპრესთან" საუბარში გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ რას აკეთებს ამჟამად ის ორი ფრაქცია რომელიც უმცირესობად იწოდება - ამ კითხვით მიხეილ სააკაშვილს უნდა მიმართონ.
"ასეთი წარმონაქმნი, რასაც უმცირესობა ჰქვია აღარ არსებობს. სადმე გაგიგიათ უმრავლესობა რომელიც უმცირესობაზე ზრუნავს? ეს არის უნიკალური მოვლენა მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში. ჩვენ ამას მოვესწარით და ასეთი საოცრებაც ვიხილეთ" - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში ცაგარეიშვილმა.
გასულ კვირას საპარლამენტო უმცირესობა დაშლას უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა კობა კურდღელაშვილმა გადაარჩინა.

















