„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია მიიჩნევს, რომ ლაზიკა ფულის გათეთრების ქალაქი იქნება.
„ნიუსპრესთან“ საუბარში ძაგანიამ განაცხადა, რომ ლაზიკას სამართლებრივი სტატუსი ჯერ დაკონკრეტებული არ არის და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იქ თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქნება.
„ლაზიკა - სააკაშვილის რეჟიმის და მისი მეგობრებისთვის ფულის გათეთრების ერთ-ერთი წყარო იქნება. ლაზიკაში სინდიკატურ-მაფიოზური დაჯგუფებები ფულს გაათეთრებენ. იგი ხალხისთვის, საქართველოსთვის არაფრის მომტანი იქნება, სააკაშვილისთვის კი - მილიარდებს მოიტანს “ - აღნიშნა კახა ძაგანიამ.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭება. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ლაზიკაში საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია გავრცელდება, ქალაქს მმართველობის განსხვავებული ფორმა და სამოქალაქო დავების განხილვის განსაკუთრებული იურისდიქცია ექნება.

















