„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციას არ ეწინააღმდეგება.
როგორც თარგამაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მანიფესტაცია და მიტინგი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მთავარია პოლიტიკური ძალა რამდენად აღწევს მათი საშუალებით მიზანს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა დიდია, არა მგონია „ქართულ ოცნებას“ მიტინგზე ხალხის სიმცირის პრობლემა ჰქონდეს. მთავარია, რამდენად პრაგმატულად იმოქმედებენ კოალიციის წევრები“- განაცხადა თარგამაძემ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი და უპირველეს ყოვლისა ოპონენტის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რესურსები სათანადოდ შეაფასოს.
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

















